მიქაუტაძემ საფრანგეთის თასზე გაიტანა, მაგრამ „ლიონი“ მეხუთელიგელთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის თასზე „ბურჟუან-ჟალიუს“ გაუტანა, მაგრამ „ლიონი“ რანგით მეხუთე ლიგის გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თასის 1/16-ფინალური დაპირისპირება მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და მე-20 წუთზე მეჰდი მუჟეცკის გოლით დაწინაურდნენ. 45-ე წუთზე ნემანია მატიჩმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

„ლიონმა“ შეხვედრის მეორე ტაიმში მოახერხა დაწინაურება. გიორგი მიქაუტაძემ ზუსტი დარტყმით 64-ე წუთზე გაიტანა, რითიც საფრანგეთის თასზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. თუმცა, ერთ წუთში მწვრთნელმა ის შეცვალა.

ხუთ წუთში „ლიონს“ კვლავ მეჰდი მუჟეცკიმ გაუტანა, რის შედეგადაც ანგარიში ისევ გათანაბრდა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვეს.