მიქაუტაძე „ტვენტესთან“ თამაშის გამო გააკრიტიკეს - „აიაქსის“ ლეგენდის, რონალდ დე ბურის აზრით, წარუმატებლობის მიზეზი შეუთამაშებლობაა #1TVSPORT
მიქაუტაძე „ტვენტესთან“ თამაშის გამო გააკრიტიკეს - „აიაქსის“ ლეგენდის, რონალდ დე ბურის აზრით, წარუმატებლობის მიზეზი შეუთამაშებლობაა #1TVSPORT

ნიდერლანდების ჩემპიონატში „ტვენტესთან“ წაგების (1:3) შემდეგ „აიაქსის“ მწვრთნელმა, მორის სტეინმა შეცდომები აღიარა და არ დამალა, რომ ჯერ კიდევ ოპტიმალურ შემადგენლობას ეძებს. მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეც ახსენა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „მეციდან“ გადასვლის შემდეგ „აიაქსში“ მეორედ ითამაშა და კვლავ ვერ გაიტანა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქართველ თავდამსხმელს ამსტერდამულ კლუბში მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, თავდამსმელების უკან ათამაშებენ.

„გასულ კვირაში სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და წარუმატებულად ვითამაშეთ. ჩუბა აკპომი მარჯვენა ფლანგზე დავაყენეთ და ის ცენტრალურ თავდამსხმელს უნდა დახმარებოდა, მაგრამ საკმარისად აქტიური არ იყო და მიქაუტაძით ამიტომ შევცვალეთ“, – ამბობს სტაინი.

„ფეიენოორდისა“ და „ტვენტეს“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მაროკოელმა კარიმ ელ აჰმადმა „აიაქსის“ ტრანსფერებთან დაკავშირებით კითხვები დასვა და ქართველი თავდამსხმელი გააკრიტიკა.

„შოკირებულია ვარ „ტვენტესთან“ შუტალოს სუსტი თამაშით, მაგრამ ხორვატი არ იყო ერთადერთი, ვინც კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა. ვერც სხვა ფეხბურთელები ბრწყინავდნენ. საერთოდ ვერ მივხდი, რა პოზიციაზე თამაშობდა აკპომი, მანსვერკიც ვერ იყო ეფექტური. შეცვლაზე შესული მიქაუტაძე კი თამაშში ცუდად ჩაერთო. ახალწვეულებმა თავი სათანადოდ ვერ გამოიჩინეს და პროგრესი არ ეტყობათ“, – განაცხადა ESPN-ზე „ფეინოორდისა“ და „ტვენტეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა.

გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდ დე ბურმა კი ყურადღება ფეხბურთელების შეუთამაშებლობაზეც გაამახვილა.

„ამსტერდამელები ახლა სასურველ ფორმაში არ არიან. ამას გარდა, „ტვენტესთან“ ნათლად გამოჩნდა, რომ „აიაქსის“ ფეხბურთელებსა და ახალწვეულებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა“, – განაცხადა დე ბურმა Algemeen Dagblad-თან.