მიქაუტაძე ლიგა 2-ის ლიდერებში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT
მიქაუტაძე ლიგა 2-ის ლიდერებში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემამ, lasemaine-მ ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლი „ბორდოს“ და „მეცის“ მოთამაშეთა ჯამური ღირებულება შეაფასა და გაირკვა, რომ 6 მილიონ ევროდ შეფასებული გიორგი მიქაუტაძე ამ გუნდებში ყველაზე ღირებული მოთამაშეა.

„ლიგა 2-ის საფეხბურთო ჩემპიონატის ცხრილში სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე „მეცი“ (მესამე ადგილი) „ბორდოს“ (მეორე) სამი ქულით ჩამორჩება. ამ ორი კლუბიდან ლიგა 1-ში მხოლოდ ერთი გადავა.

თუ ორი გუნდის საბაზრო ღირებულებას გადავხედავთ, უპირატესობა „ბორდოს“ გააჩნია. სამენეჯერო ვებგვერდის, Transfermarkt-ის ცნობით, კლუბის მოთამაშეთა ჯამური შეფასება 33,2 მილიონი ევროა, ხოლო „მეცის“ – 25,5 მილიონი.

„ბორდოში“ თხუთმეტი მოთამაშე ერთ მილიონ ევროზე ძვირი ღირს, ხოლო ოთხი – ორი მილიონი ევრო ან მეტი. „მეცს“ მილიონად შეფასებული მხოლოდ ცხრა მოთამაშე ჰყავს – მცველები: კოფი კუაო (1,5 მილიონი ევრო), ფალი კანდე (2), მატიუ უდოლი (2 ), ნახევარმცველები კევინ დორამი (1,5), იუსეფ მაზიზი (1,5) და ჰაბიბ მაიგა (2,5), ასევე ფორვარდები აბლი ჯალოუ (1), ლამინ გუი (1,2) და გიორგი მიქაუტაძე (6).

ორ კლუბს შორის ყველაზე ძვირადღირებული (ექვსი მილიონი ევრო) ქართველ თავდამსხმელია, რომელიც ლიგა 2-ის ბომბარდირებში 20 გოლით (პლუს შვიდი საგოლე გადაცემა) ლიდერობს. შედარებისთვის, „ბორდოში“ ყველაზე მეტად დაფასებული ფეხბურთელი თავდამსხმელი ჯოშ მაჯაა, რომლის ღირებულებაც ოთხი მილიონი ევროა (ზურიკო დავითაშვილი (ორი მილიონი ევრო) მეოთხე-მეხუთე ადგილზეა).

ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი „სენტ-ეტიენია“ (38,2 მილიონი ევრო), რომელიც მე-11 ადგილზეა. ლიდერის, „ლე ჰავრის“ ჯამური ღირებულება 30,35 მილიონი ევროა“, – წერს გამოცემა.

შაბათს, 6 მაისს „ბორდო“ ჩემპიონატის 34-ე ტურში „კანს“ უმასპინძლებს. თავის მხრივ, „მეცი“ „ნიორს“ ესტუმრება.