მინდა, ჩემს მიღწევებს კიდევ ერთი ტიტული მივამატო - წიტაიშვილმა „ლეხში“ გადასვლაზე ისაუბრა #1TVSPORT
მინდა, ჩემს მიღწევებს კიდევ ერთი ტიტული მივამატო - წიტაიშვილმა „ლეხში“ გადასვლაზე ისაუბრა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა პოზნანის „ლეხში“ გადასვლაზე, რომელსაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კიევის „დინამოდან“ შეუერთდა.

პოლონეთის ჩემპიონს, სადაც „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი თამაშობს, 21 წლის ფეხბურთელი უკრაინული კლუბიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. წიტაიშვილი ჯერ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაფრინდა, სადაც კლინიკა „რეჰასპორტში“ სამედიცინო გამოკვლევები წარმატებით გაიარა, ხოლო შემდეგ „ლეხთან“ კონტრაქტი გააფორმა და პირველი კომენტარიც გააკეთა.

„გარემარბი ვარ, მაგრამ ნაკრებში ხანდახან დაცვის მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ. რაც შეეხება თამაშის ჩემს სტილს, არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი, რადგან გულშემატკივარი მოედანზე მიხილავს. ჩემთვის მთავარია გუნდის გამარჯვება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს. დიდი ამბიციები მაქვს. ჩემთვის კი „ლეხი“ ტოპ-კლუბია, ახლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მინდა, გუნდს ევროტურნირზეც დავეხმარო და პოლონეთის ჩემპიონატის მოგებაშიც, რადგან მინდა ჩემს მიღწევებს კიდევ ერთი თასი დავამატო“, – ამბობს გიო წიტაიშვილი.

წიტაიშვილს ჩემპიონ „ლეხში“ დებიუტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ექნება. „ლეხი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 ივლისს პოზნანში აზერბაიჯანის ჩემპიონს, „ყარაბაღს“ უმასპინძლებს, ხოლო 12-ში განმეორებით შეხვედრაში ესტუმრება. ამ მატჩებს შორის კი, 9 ივლისს გუნდი პოლონეთის სუპერთასისთვის ვაკო გვილიას ჩასტოხოვას „რაკუვს“ დაუპირისპირდება.