„მილუოკიმ“ „ლეიკერსი“ დაამარცხა, ანტეტოკუნმპო საუკეთესო იყო (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე დღეს რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა „მილუოკიმ“ საკუთარ არენაზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „ლეიკერსს“ უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 111:104 სძლია.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა გამართა 2018-2019 წლების ყველაზე ღირებულმა მოთამაშემ (MVP) იანის ანტეტოკუნმპომ. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა 34 ქულითა და 11 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამმაგ დუბლამდე იანისს 3 გადაცემა დააკლდა. უნდა აღინიშნოს, რომ „ბაქსი“ ერიკ ბლედსოუს გარეშე თამაშობდა.

ლოს ანჯელესელებს შორის ყველაზე მეტი – 36 ქულა და 10 მოხსნა ენტონი დევისმა დააგროვა. ლებრონ ჯეიმსმა კი 21 ქულით, 12 მოხსნითა და 11 გადაცემით მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა, თუმცა ეს ფრენკ ფოგელის გუნდს წარმატებისთვის არ ეყო.

„მილუოკის“ 25 მოგება და 4 მარცხი აქვს და ლიგაში ამ დროისათვის საუკეთესო გუნდია. რაც შეეხება „ლეიკერსს“, ლოს ანჯელესელები 24 მოგებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ პოზიციაზე არიან.

ატლანტა – იუტა 106:111

სან ანტონიო – ბრუკლინი 118:105

კლიპერსი – ჰიუსტონი 117:122