მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ნიუ იორკის ყოფილი მერი და მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ბლუმბერგი დემოკრატიული პარტიის მიერ იქნება ნომინირებული.

„კენჭს ვიყრი პრეზიდენტობაზე, რომ დავამარცხო ტრამპი და ხელახლა ავაშენო ამერიკა. მჯერა, რომ ჩემი უნიკალური გამოცდილება ბიზნესში, მთავრობაში და ფილანტროპიაში გამარჯვების და ხელმძღვანელობის შესაძლებლობას მომცემს. ვერ დავუშვებთ კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტ ტრამპის უგუნურ და არაეთიკურ ქმედებებს“, – დაწერა ბლუმბერგმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის ყოფილი მერი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს არ ადასტურებდა. მაიკლ ბლუმბერგის საარჩევნო გუნდის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მისი კამპანია ორიენტირებული იქნება ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, იმიგრაციაზე, განათლებაზე და საზოგადოებრივ ადგილებში სროლის შემთხვევების აღკვეთაზე.

მაიკლ ბლუმბერგი ნიუ იორკის მერი 2002-2013 წლებში იყო. ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, ბლუმბერგის ქონება 54 მილიარდ დოლარს აღემატება.