მილანს ევროტურნირებიდან მოკვეთა კვლავ ემუქრება
მილანს ევროტურნირებიდან მოკვეთა კვლავ ემუქრება

საფეხბურთო კლუბ მილანის საჩემპიონთალიგო იმედი საეჭვო გახდა მას შემდეგ, რაც უეფას კლუბების კონტროლის ორგანოში (CFCB) შევიდა საჩივარი, რომ გუნდმა ზედიზედ მეორედ დაარღვია ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები.

ამჟამად მილანი იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და 2014 წლის შემდეგ პირველად აქვს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი. თუმცა, თუ გუნდს დარღვევა დაუმტკიცდა, შესაძლოა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ის უპირველეს საკლუბო ტურნირზე არ დაუშვას.

მილანური გრანდის მფლობელი გასულ ზაფხულს ამერიკული კორპორაცია ელიოტ მენეჯმენტი გახდა და გუნდმა პირობა დადო, რომ ფინანსურ სიტუაციას გამოასწორებდა. გასულ წელს უეფამ მილანს ევროტურნირებში მონაწილეობა ორი წლით აუკრძალა, თუმცა გუნდმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და პროცესი მოიგო.

წესების მიხედვით, გუნდს სამ სეზონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დანაკარგი არ უნდა ჰქონდეს. ეს რეგულაცია იტალიელებმა პირველად 2015-2017 წლების სეზონზე დაარღვიეს, როდესაც ტრანსფერებში 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს.