„მილანს“ „ბენევენტოს“ მეკარემ გაუტანა - გატუზოს წარუმატებელი დებიუტი
„მილანს“ „ბენევენტოს“ მეკარემ გაუტანა - გატუზოს წარუმატებელი დებიუტი

სერია A-ს მე-15 ტური “ბენევენტოსა” და “მილანის” მატჩით გაგრძელდა. ეს შეხვედრა ტურის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგას ატარებდა – “მილანის” მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ჯენარო გატუზოს, რომელმაც ამ პოსტზე ვინჩენცო მონტელა შეცვალა.

გატუზოს დებიუტისთვის ყველაზე სასურველი მეტოქე ჰყავდა – სერია A-ს უიმედო აუთსაიდერიბენევენტო“, რომელსაც 14-დან 14 მატჩი ჰქონდა წაგებული.
“მილანი” ორჯერ იგებდა შეხვედრას და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. პირველი გოლი “ბენევენტოს” კარში ჯაკომო ბონავენტურამ გაიტანა, შემდეგ რუმინელმა პუშაშმა გაათანაბრა, მაგრამ 57-ე წუთზე ნიკოლა კალინიჩმა ისევ წინ გაიყვანა “მილანი”. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები 75-ე წუთზე ათნი დარჩნენ მოედანზე (გააძევეს რომანიოლი), “მილანმა” უპირატესობა 95-ე წუთამდე შეინარჩუნა და სამი ქულაც უნდა მოეპოვებინა, როცა “ბენევენტოს” წინ წასულმა მეკარემ ალბერტო ბრინიოლიმ კატალდის ჩაწოდებულ ჯარიმას თავით მიმართულება შეუცვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

ბენევენტომ” პირველი ქულა მოიპოვა ჩემპიონატში და პირველად გაიტანა ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი.