„მილანს“ ბაკაიოკოს დაბრუნება სურს, „ჩელსი“ მასში 20 მილიონ ევროს ითხოვს
„მილანს“ ბაკაიოკოს დაბრუნება სურს, „ჩელსი“ მასში 20 მილიონ ევროს ითხოვს

„ჩელსის“ ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო, რომელიც იჯარის წესით „მონაკოში“ თამაშობდა, „მილანის“ ინტერესების სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავის „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მილანელები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს „ჩელსისთან“, ლონდონელები კი ფეხბურთელში 20-25 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ. ამასთანავე, „მილანი“ არ არის მზად, რომ ბაკაიოკოს ის ხელფასი გადაუხადოს, რომელსაც ნახევარმცველი ამჟამად იღებს (6.5 მილიონი ევრო წელიწადში) და მას 4 მილიონ ევროს და ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ბაკაიოკო „ჩელსიში“ 2017 წელს „მონაკოდან“ გადავიდა, 2018-19 წლების სეზონი იჯარით „მილანში“ გაატარა, ხოლო 2019-20 წლებში, ასევე იჯარით, მონაკოელების რიგებში გამოდიოდა.