„მილანმა“ რალფ რანგნიკს ორი პოსტი შესთავაზა
„მილანმა“ რალფ რანგნიკს ორი პოსტი შესთავაზა

„მილანის“ ხელმძღვანელობამ გერმანელ სპეციალისტს რალფ რანგნიკს მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის პოსტები შესთავაზა, – ირწმუნება გაზეთი „ბილდი“.

„შტუტგარტის“, „შალკესა“ და „ლაიპციგის“ ყოფილი მწვრთნელი ცნობილია თავისი მისწრაფებით – გააკონტროლოს ყველა პროცესი კლუბში, დაწყებული სატრანსფერო სტრატეგიით და დამთავრებული ფეხბურთელების კვებით.

„მილანში“ დანიშვნის შემთხვევაში, რომელიც ივნისამდე არ მოხდება, 61 წლის სპეციალისტი ერთდროულად გახდება მთავარი მწვრთნელი, სკაუტების სამსახურის უფროსი და სპორტული დირექტორი. ეს კი კლუბში შეასუსტებს ამჟამინდელი დირექტორების პაოლო მალდინისა და ზვონიმირ ბობანის გავლენებს.

დღეისთვის, რანგნიკი კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო განყოფილებას უდგას სათავეში. ამ კომპანიას ეკუთვნის გერმანული „ლაიპციგი“ და ავსტრიული „ზალცბურგი“.