„მილანმა“ 0:2-დან მოიგო იტალიის სუპერთასის ფინალი #1TVSPORT
„მილანმა“ 0:2-დან მოიგო იტალიის სუპერთასის ფინალი #1TVSPORT

საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში იტალიის სუპერთასის მფლობელი გამოვლინდა. ფინალში მილანური დერბი გაიმართა, რომელიც თავიდან „ინტერის“ უპირატესობით წარიმართა.

პირველ ტაიმში მაყურებელმა ერთი გოლი იხილა – კომპენსირებულ დროში ლაუტარო მარტინესმა ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში „ინტერს“ ორბურთიანი უპირატესობა მეჰდი თარემიმ მოუტანა, რომელიც ადრე „მილანის“ ახალი მწვრთნელის, სერჟიო კონსეისაოს შეგირდი იყო.

ამის შემდეგ „მილანმა“ ტეო ერნანდესის მონდომებით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, მე-80 წუთზე კი ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გაათანაბრა.

თითქოს საქმე პენალტების სერიამდე მიდიოდა, მაგრამ ბოლო წამებზე ტამი აბრაჰამმა რაფაელ ლეაოს პასით დაასრულა „მილანის“ ქამბექი და თავის გუნდს მერვედ მოაგებინა იტალიის სუპერთასი.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „ინტერმა“ 2:0 მოუგო „ატალანტას“, „მილანმა“ კი „იუვენტუსი“ დაამარცხა – 2:1.