„მილანის“ მწვრთნელი „ნაპოლიზე“ ფიქრობს - რთული საპასუხო მატჩი გველის #1TVSPORT
„მილანის“ მწვრთნელი „ნაპოლიზე“ ფიქრობს - რთული საპასუხო მატჩი გველის #1TVSPORT

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ „ბოლონიასთან“ ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ DAZN-თან ისაუბრა და კომენტარი „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩზეც გააკეთა.

„მატჩი ცუდად არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ასე არ უნდა დაგვეწყო. გავუშვით გოლი, რომელიც დიდი შეცდომა იყო. ამ მატჩში კიდევ იყო რაღაც, რაც არ მომეწონა. მსაჯს ორი პენალტი უნდა დაენიშნა, თუმცა ის ასე არ მოიქცა.

რაც შეეხება „ნაპოლისთან“ შეხვედრას, ჩვენ გვაქვს მცირე უპირატესობა და თუ მეტოქე აქტიურად შემოგვიტევს, ვიცით, რა ტაქტიკა დავუპირისპიროთ. პირველი მატჩი ორივე გუნდისთვის რთული გამოდგა. საპასუხო შეხვედრაში კიდევ უფრო მეტ სირთულეს ველით, მაგრამ შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.

ეს ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება. „მილანის“ ისტორია დიდებულია, ამიტომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ჩემპიონთა ლიგის ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ, რაც დიდი მოვლენა იქნება. გადავწყვიტე, რომ „ბოლონიასთან“ დაესვენათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაზე მეტად გადაღლილები არიან და ისინი ნეაპოლში ითამაშებენ“, – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

„ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში გაიმართება. პირველი მატჩი პიოლის გუნდმა 1:0 მოიგო.