„მილანის“ ინტერესს იტალიური მედია არ ადასტურებს, რუსები ამაზე ხუმრობენ, კვარაცხელია კი წერს, რომ „ოცნება ახდა“ #1TVSPORT
„მილანის“ ინტერესს იტალიური მედია არ ადასტურებს, რუსები ამაზე ხუმრობენ, კვარაცხელია კი წერს, რომ „ოცნება ახდა“ #1TVSPORT

იტალიური მედია „მილანში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლასთან დაკავშირებულ ცნობებს გამოეხმაურა. ზოგადი შეფასებით, ინტერესი არსებობს, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს ჯერ არ ადასტურებენ.

„ზაფხულში „მილანს“ ბევრ ფეხბურთელთან ჰქონდა კონტაქტი. ბოლო რამდენიმე საათია, ბევრს საუბრობენ ყაზანის „რუბინის“ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე, მაგრამ როგორც ჩანს, მილანელები სხვა მიმართულებით მუშაობენ“, – ინფორმაციას sempremilan ავრცელებს.

„კვარაცხელიას მიმართ მილანის დაინტერესების შესახებ მცირე მტკიცებულებები არსებობს. კლუბი უფრო „დორტმუნდიდან“ ჯულიან ბრანდტის დამატებაზე ფიქრობს“, – წერს „ტუტომერკატოს“ რედაქტორი ანტონიო ვიტიელო.

„კვარაცხელიასთან დაკავშირებით „მილანის“ იდეა, როგორც ჩანს, არ შეცვლილა: მოთამაშეს აკვირდებიან, მაგრამ ამჟამად არანაირი მოლაპარაკება და ინტერესი არ არსებობს“, – ეს „კალჩომერკატოს“ ჟურნალისტის, დანიელ ლონგოს სიტყვებია.

ყაზანის „რუბინის“ პრესსამსახურმა Twitter-ზე კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე მასმედიაში მუდმივად გავრცელებულ ხმებზე ხუმრობით უპასუხა – გუნდმა გამოაქვეყნა ხვიჩას ფოტო, რომელსაც ხელში მუყაოს ფირფიტა უჭირავს, სადაც წერია – „კმარა წერა, რომ სადღაც მივდივარ“.

თუმცა, იტალიურმა და რუსულმა მედიამ ყურადღება გაამახვილა ინსტაგრამზე ხვიჩას გამოქვეყნებული ფოტოს მინაწერზე, რომელიც ტრანსფერზე პირდაპირ მინიშნებად ჩათვალეს.

„Dctrue (Dream come true -ოცნება ახდა)“, – დაწერა ხვიჩამ და ფოტო ინსტაგრამის Stories-ზე გამოაქვეყნა. საეჭვოა, რომ მისი ოცნება „რუბინში“ დარჩენა იყოს.