მილანი ჯენარო გატუზოს ენდობა
მილანი ჯენარო გატუზოს ენდობა

„მილანის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, უარყო იტალიური პრესის ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს შემცვლელს.

„ჩვენ „მილანი“ ვართ და, რა თქმა უნდა, შესაბამისი მიზნებიც გაგვაჩნია. მთავარი ამოცანა – ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა და გვინდა ამ მიზანს ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბით მივაღწიოთ. გატუზოს განთავისუფლების შესახებ გავრცელებული ჭორება კლუბის ბანაკიდან არ მოდის. ჯენარომ ყველაზე კარგად იცის, რომ ჩვენ მას ვენდობით,“ – განაცხადა ბრაზილიელმა ფუნქციონერმა.

შუა კვირას, „მილანმა“ „ჯენოას“ გამოტოვებული მატჩი მოუგო და სერია A-ს გათამაშების ცხრილში პირველ ოთხეულში შეაღწია.