მიკოლა კოვტალიუკი „დილაში“ გოლით დაბრუნდა [ვიდეო]

მიკოლა კოვტალიუკი გორის ,,დილაში” დაბრუნდა და გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

24 წლის უკრაინელმა ფორვარდმა ქართულ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა. მიკოლა „დილას“ რიგებს 2018 წლის სეზონში შეუერთდა, ეროვნული ლიგის შარშანდელ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბოლოს უკრაინელი თავდამსხმელი კორეაში თამაშობდა და „დილას“ ორი კვირის წინ დაუბრუნდა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოგვარება გაიწელა. მან თამაშის უფლება გუშინ მიიღო, დღეს კი გორის „დილაში“ „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ ითამაშა.

„ვიტ ჯორჯია“ – „დილა“ საკმაოდ სახალისო თამაში გამოდგა. ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა – ბურთი საკუთარ კარში „ვიტ ჯორჯიას“ მცველმა, ვასილ ქისიევმა ჩაჭრა და გორელები დააწინაურა 0:1.

უკრაინელი თავდამსხმელი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და 90+5-ე წუთზე მეტოქის კარი კურიოზული გოლით აიღო.

„ვიტ ჯორჯია“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და ბოლო წამებზე შეტევაში მეკარეც წავიდა. კუთხურის მოგერიების შემდეგ ბურთი “დილას” მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა მოიპოვა და მოედნის ცენტრთან მარტო მყოფი კოვტალიუკი მოძებნა, რომელმაც ცარიელი კარი აიღო და „დილამ“ ანგარიშით 0:2 მოიგო.

დატოვე კომენტარი