მიკი შუმახერი დარწმუნებულია, რომ მისი გვარი არ არის ფორმულა 1-ში მოხვედრის გარანტია
მიკი შუმახერი დარწმუნებულია, რომ მისი გვარი არ არის ფორმულა 1-ში მოხვედრის გარანტია

ლეგენდარული გერმანელი პილოტის, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟმა, 20 წლის მიკ შუმახერმა აღიარა, რომ მისი სახელგანთქმული გვარი სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ოდესღაც ის მოხვდება ფორმულა 1-ის ჩემპიონატში. 2020 წლის სეზონში უმცროსი შუმახერი ფორმულა 2-ში „პრემას” გუნდში გამოვა.

„მესმის, რომ კარგად უნდა გამოვიდე ფორმულა 2-ში, თუ მინდა რომ ფორმულა 1-ის პილოტი გავხდე. ჯერ არც ერთი პილოტი არ მოხვედრილა ფორმულა 1-ში თავისი გვარის გამო. ის არაფრის გარანტია არ არის. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ მამაჩემი – ყველა დროის საუკეთესო პილოტია. ვამაყობ, როცა მე მას მადარებენ.

ახლა, ფორმულა 1-ზე არ ვფიქრობ. მთლიანად კონცენტრირებული ვარ 2020 წლის სეზონზე”, – განაცხადა უმცროსმა შუმახერმა GrandPX-სთან კომენტარში.

კორონავირუსის გამო, ფორმულა 2-ის ჩემპიონატის სტარტი გადადებულია.