მიხეილ ყაველაშვილი - უნდა დავუსაბუთოთ მთავრობას, საფეხბურთო პროგრამა რა სარგებლობას მოგვიტანს სპორტული, სოციალური და ეკონომიკური კუთხით
მიხეილ ყაველაშვილი - უნდა დავუსაბუთოთ მთავრობას, საფეხბურთო პროგრამა რა სარგებლობას მოგვიტანს სპორტული, სოციალური და ეკონომიკური კუთხით

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმირ გუცაევთან ერთად“ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფოს ფონდის საქმიანობასა და მისი სხვა ფორმით ჩანაცვლების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

საქართველოს პარლამენტის წევრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს წამყვანებმა საინტერესო კითხვა დაუსვეს.

ვლადიმერ გუცაევი: „სახელმწიფოს ფულს აძლევს ყველა კლუბს, რომ განვითარდეს, მაგრამ განვითრებას ვერ ვხდევათ. თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს“.

გია თვალაბეიშვილი (გადაცემის წამყვანი): „რეალურად ეს ფული იმაში იხარჯება, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს თუ რომ გადარჩეს?!“.

ვლადიმერ გუცაევი: „თავიდან იყო განვითარებაზე გათვალისწინებული, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთი უნდა გადარჩეს. არადა, ძლიერი კლუბები თუ არ იქნება, ვერც კარგ მოთამაშეებს გავზრდით და არც ძლიერი ნაკრებები გვეყოლება“.

ყაველაშვილმა ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე საკუთარი შეხედულება ჩამოაყალიბა: „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი რეალურად არა განვითარების, არამედ, გადარჩენის ფონდად გადაიქცა. ის რომ არ იყოს, ფეხბურთი და გუნდები აღარ იქნება და ხელში სამოყვარულო გუნდები შეგვრჩება. ამიტომ გვჭირდება პროგრამა, რომლითაც ჩვენი ფეხბურთის განვითარების და მოთამაშეთა გაზრდას ხელს რეალურად შეუწყობს“.

მან კომენტარი ფეხბურთში დახარჯულ თანხებზე გააკეთა: „საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფო ადგა და ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი ლარი გადადო. დამოუკიდებლობის შემდეგ, 30 წელი კლუბებზე მუნიციპალიტეტებში ეს თანხები ისედაც იხარჯებოდა. ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს დაიანგარიშეს და აღმოჩნდა, რომ ჯამში 48-52 მილიონი ლარი იხარჯებოდა. ამავე დროს, ეს 265 მილიონი ხუთ წელიწადზე გადანაწილდა. ისე არ არის, თითქოს, ეს თანხები უცებ გამოყო სახელმწიფომ – სულ იხარჯებოდა, ოღონდ, უკონტროლო გახლდათ. კლუბში ვიღაც თუ მოისურვებდა, საკუთარ ახლობელს ან ნათესავს ასაქმებდა“.

ეს პროგრამა 2021 წელს მთავრდება და ყაველაშვილის თქმით, ახალ პროგრამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს: „პარლამენტში ჩემს უფლებამოსილებას გამოვიყენებ, ეს თემა რომ დავძრა და პროგრამის დაწერა დაიწყოს. ჩვენ უნდა დავუსაბუთოთ მთავრობას, მისი განხორციელება რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას სპორტული, სოციალური და ეკონომიკური კუთხით. მაგალითად, ერთი ფეხბურთელის გაზრდით, შესაძლოა, ქართულმა გუნდმა 50 მილიონი დოლარი მიიღოს. ამხელა თანხა საქართველოში რომ შემოვა, ეს უკვე ეკონომიკური საკითხია. თორემ ახლა რომ მიხვიდე, მთავრობა გკითხავს – რა სარგებლობა მოუტანა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ქვეყანას. ერთი ის, რომ ფეხბურთი გადარჩა, მაგრამ არ განვითარდა“.