მიხეილ ყაველაშვილი - „ქართული ოცნება“ დამნაშავეშიც ადამიანს ეძებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერ ადამიანში დანაშაულს ეძებდა
მიხეილ ყაველაშვილი - „ქართული ოცნება“ დამნაშავეშიც ადამიანს ეძებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერ ადამიანში დანაშაულს ეძებდა

„ქართული ოცნების“ წევრი იმიტომ გავხდი, რომ ეს პარტია დამნაშავეშიც ადამიანს ეძებს, – განაცხადა პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„ქართული ოცნება“ დამნაშავეშიც ადამიანს ეძებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერ ადამიანში დანაშაულს ეძებდა, ადამიანებს დასდევდა და მოქმედებას ახლაც იგივე პათოსით აგრძელებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებზე ბევრი ადამიანი არ გამოვიდა, რადგან მათ „ქართული ოცნების“ მიმართ პროტესტი გამოხატეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და მათ შორის, შესაძლოა, პარტიის შიგნით რამდენიმე ცვლილებაც განხორციელდეს, არჩევნებამდეც და მის შემდეგაც.

მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანებისგან მიხეილ სააკაშვილი რომ გვერდზე გაიწიოს, მისგან არაფერი დარჩება.

„სააკაშვილი უკონტროლოა და ეს ადამიანები იმის გამკეთებელი არიან, რასაც სააკაშვილი ჩასძახებს. მთავარი საკითხი ესაა. ჩვენ ეს გავიარეთ, ვნახეთ და ამის დაშვება არ მინდა. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვთქვათ უარი, იმის მიუხედავად, რა პარტიას წარმოვადგენთ და საზოგადოების რა ჯგუფის წევრი ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სპორტის ყველა სახეობაში, მათ შორის, სახეობაში „ბრძოლა წესების გარეშე“, ერთმანეთის პატივისცემის წესი არსებობს, როცა ბრძოლის შემდეგ ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან და ასე შორდებიან, იმ ძალას კი, რომელიც ქვეყანას მართავდა და ახლა ოპოზიციაშია, ეს წესები არ გააჩნია.

ყაველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების კუთხით სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა.

„საზოგადოებისთვის შესადარებლად ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ფეხბურთის ბაზა სამჯერ გაიხსნა, რასაც ტელევიზიით აჩვენებდა და რაშიც სახელმწიფო არ მონაწილეობდა. ფეხბურთის უცხოელ მწვრთნელზე ბიუჯეტიდან დაახლოებით, ათი მილიონი ლარი გაიცემოდა. ეროვნული ნაკრების უფროს მწვრთნელს მილიონ 200 000 დოლარი ჰქონდა ხელფასი, რომელიც ბიუჯეტიდან გაიცემოდა. მათ 10 სტადიონი გაყიდეს და სტატისტიკით, დაახლოებით, 10 000 ბავშვი სპორტის გარეშე დარჩა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ფეხბურთში თავისი ფულის, 100 მილიონის ინვესტირებას აპირებდა და 2006 წელს ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრა მოაწყო, მაგრამ მაშინდელი მმართველებისგან უარი მიიღო, რადგან ის ამ პროცესში თავის მონაწილეობას სთავაზობდა.

„ეს ადამიანი არ გაჩერდა და იგივე სახსრები რაგბიში გადაისროლა. 2002 წლის შემდეგ, თუ რაგბიში 2 000 სპორტსმენი იყო ჩართული, დღეს ის 12 000-ს შეადგენს. ფეხბურთში კი, პირიქით მოხდა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უფიქრია თუ არა „ქართულ ოცნებას“ იმაზე, თუ რა სჭირდებათ ახალგაზრდებს, რომლებსაც წარსულ 9 წელიწადთან ემოციური კავშირი არ აქვთ და დღეს სხვა რამ უნდათ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გზაზე დგას, რათა ახალგაზრდების პრობლემები გადაჭრას.