მიხეილ ყაველაშვილი - გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ, დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის
მიხეილ ყაველაშვილი - გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ, დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის

გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ, დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის​, – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბრისას.

ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა იმ გადაწყვეტილების შესახებ, თუ რატომ ტოვებენ ის, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას.

„კონკრეტიკაზე თავს შევიკავებთ, ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება“. არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება. ამ საკითხებზე მსჯელობაც გვექნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ​ სიმართლე იცოდეს, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და საერთო აზრი გვქონდეს, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არსებულ რეალობას საღად შეხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ვიქნებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ.