მიხეილ ყაველაშვილი - ახალგაზრდობის თემის წამოსაწევად პრემიერს დაქვემდებარებული სააგენტო შეიქმნება
მიხეილ ყაველაშვილი - ახალგაზრდობის თემის წამოსაწევად პრემიერს დაქვემდებარებული სააგენტო შეიქმნება

გაჩნდება სააგენტო, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ იქნება, რომ ახალგაზრდობის თემა წამოიწიოს, რაც ჯერ არ გაჟღერებულა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ერთი, რასაც სამინისტროების შერწყმის დროს თანამოაზრეებთან ერთად მივაღწიე, ესაა. უბრალოდ, ეს დროის საკითხია. ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვებით. ქვეყანას აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებისა და ღირებულებების ახალგაზრდობა ჰყავს. მათ სივრცე და გარემო სჭირდებათ, სადაც თვითრეალიზებას შეძლებენ, თუნდაც დასაქმებისა და პროფესიული განათლების თვალსაზრისით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მაყურებლის შეკითხვაზე, რა სტრატეგია აქვს „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდების დასაქმების თვალსაზრისით, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობის მოსახლეობისგან განცალკევება არ შეიძლება, მაგრამ მიმართულება ისაა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ინკლუზიურობა გაიზრდება.

„საუბარია პროფესიულ განათლებაზე. რამდენიმე პროფესიული კოლეჯი დაარსდა და განათლების გეზი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ეს დარგი საკუთარი პატრონაჟის ქვეშ აიღო, რადგან ის პრობლემური იყო. ამ მიმართულებით ხედვა და სტრატეგია დაახლოებით, წლის ბოლოსთვის გვექნება და საზოგადოებას ვაცნობებთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით, 800 მილიონია დახარჯული.

„თბილისში რამდენიმე კომპლექსი აშენდა. ასევე, უამრავი აშენდა გორში, თელავში და ბათუმში, მაგრამ აქ მართვის სერიოზული პრობლემები გამოჩნდა. მენეჯმენტი, რომელმაც ეს სპორტული ობიექტები უნდა მართოს, საკმაოდ მოიკოჭლებს და ჩემი ინიციატივით, სტრატეგიაში გაიწერება, რა გვინდა. დღეს სპორტში დაახლოებით, 17%-ია ჩართული, მაგრამ ამ სტატისტიკას ბოლომდე არ ვენდობი, რადგან შეიძლება, უფრო ნაკლები იყოს. ჩვენი მიზანია, სპორტში ჩართული ადამიანების რიცხვი დაახლოებით, 40%-მდე გაიზარდოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მოდელები, რომელსაც ის გაეცნო და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ, იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში ეს ერთ-ერთი რევოლუციური მოდელი იქნება, სადაც პროექტშივე იქნება განსაზღვრული ის, რაც უნდა აშენდეს.

„სამუშაო ჯგუფი წლის ბოლომდე შეიქმნება და მას 8-9 თვე დასჭირდება იმისთვის, რათა შესწავლა მოხდეს, საქართველოს მასშტაბით სად რა სახის სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს, ვისზე იყოს გათვლილი, მისით რამდენმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანებს ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობაზე ხელმისაწვდომობა ექნებათ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.