მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმების რაიმე ფორმით გაფართოება ან დავიწროება გაუმართლებელია
მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმების რაიმე ფორმით გაფართოება ან დავიწროება გაუმართლებელია

ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, ვიმუშაოთ ამნისტიის კანონპროექტზე და შესაბამისად, გავუცვალოთ ერთმანეთს მოსაზრებები, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

სარჯველაძის თქმით, იქნება რამდენიმე საკვანძო საკითხი, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ.

„პირველი, რომ ამნისტია არ შეიძლება, იყოს პერსონიფიცირებული. ეს არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. ეს კანონის საწინააღმდეგო იქნება, რომ ინდივიდუალიზებული იყოს ჰუმანურობის აქტი, რასაც გულისხმობს ზოგადად ამნისტია. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება – რაკი ამ შემთხვევაში ამნისტიის გამოცემა ხდება ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, რომ ეს თემა მოხვდა შეთანხმებაში, რომელიც არის ბოლოდროინდელი მთავარი პოლიტიკური აქტი, შესაბამისად, ვალდებული ვართ, დავრჩეთ იმ დებულების ერთგული, რაც აისახა ამ შეთანხმებაში. ამნისტიის აქტიც ამ დებულებით უნდა ჩამოყალიბდეს. იქ მითითებულია, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდამრღვევი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, ასეთია ამ დოკუმენტის პათოსი და შესაბამისად, არ მგონია, საფუძვლიანი იყოს ახლა მოთხოვნა ან აპელირება იმის თაობაზე, რომ რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დადგეს იმ გადაწყვეტილების სისწორე, რაც ასახულია შესაბამის შეთანხმებაში.

ეს ის პუნქტია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ნამდვილად არ ვყოფილვართ ინიციატორი, ამნისტიის პუნქტები შესულიყო ამ შეთანხმებაში. ეს არის ოპოზიციის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნა, ფორმულირება მიეცა მას და ჩამოყალიბდა იმ სახით, როგორც ამას ვკითხულობთ. ახლა საუბარი იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე ფორმით უკან ნაბიჯი გადადგას, აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი მოთხოვნაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საკითხები თუ იყო განსახილველი, ეს შეთანხმებამდე უნდა მომხდარიყო.

„ეს საკითხები სამსჯელო თუ იყო, ალბათ მსჯელობა უნდა ყოფილიყო ამ საკითხებზე, ვიდრე ეს გახდებოდა შეთანხმების საგანი. ახლა რაიმე ფორმით გაფართოება შეთანხმების ან მისი დავიწროება პირებთან მიმართებაში იქნებოდა გაუმართლებელი. მე ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები და არ არის ეს კარგი აზრი, ალოგიკურია. ვფიქრობ, რომ ახლა არ არის დრო, ვისაუბროთ ამ შეთანხმების რაიმე ფორმით უკან წაღებაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.