მიხეილ სარჯველაძე - სენატორების გზავნილები რომ შევაჯამოთ, ოპოზიციას მოლაპარაკების პროცესში საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოუწევს
სენატორების გზავნილები რომ შევაჯამოთ, ოპოზიციას მოლაპარაკების პროცესში საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოუწევს, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
სარჯველაძე სენატში, ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას აფასებს.
„სასურველია, შესაბამისი დასკვნები ყველამ გავაკეთოთ. პირველ რიგში, ოპოზიციას ვგულისხმობ, რადგან ალბათ, მათ საკუთარი გეგმების გადახედვა მოუწევთ. არჩევნებთან დაკავშირები საერთაშორისო პარტნიორებისა და ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობიან და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავენ რაიმე შესაძლებლობას, რომ კიდევ იყოს მტკიცება, თითქოსდა საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ამაზე საუბარს ყოველგვარი საფუძველი ეკარგება და ეს ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომლის საფუძველზე ალბათ, ოპოზიციას მოუწევს, საკუთარ გეგმებს გადახედოს, თუნდაც მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით.
ოპოზიციის მიმართ მოწოდება მოვისმინეთ, რომ პარლამენტში ადგილები უნდა შეივსოს და შეუვსებელი ადგილები ოპოზიციის მხრიდან ის არის, რაც საქართველოში რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ეს ავალდებულებს ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებაზე მოვიდეს არა იმ განწყობით, რომ მოლაპარაკებებში მხოლოდ მონაწილეობაა მათი მხრიდან დასაშვები და კომპრომისი. ასევე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ითქვა, რომ კარგად ფლობენ ინფორმაციას და ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ის პატიმრობა ჰქვია, რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ. ძალზედ მნიშვნელოვანია გზავნილი და ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ნიკანორ მელიამ კანონი დაარღვია. ასევე ითქვა, რომ სამართლის უზენაესობა მნიშვნელოვანია და მოწოდება იყო, რომ ყველამ პატივი სცეს კანონს, სამართლის უზენაესობას.
ეს გზავნილები რომ შევაჯამოთ, ოპოზიციას ყველა შემთხვევაში, ამის შემდეგ, მოლაპარაკების პროცესში საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოუწევს. რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შეუთანხმებლობამ შეიძლება გარკვეული პროცესების ესკალაცია და უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის, ფინანსური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საამისოდ საკმარისი წინაპირობა არ არსებობს და გადაჭარბებულია ეს შეფასება იმ ფონზე, როცა გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ არასდროს გადაუხვევია იმ კურსისგან, რასაც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის და გამოხატულება უზარმაზარი მხარდაჭერის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.