მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის პატიმრობის საკითხი ძალიან პრინციპულია, არ შეიძლება, სამართლებრივი საკითხების ავკარგიანობა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით შეფასდეს
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის პატიმრობის საკითხი ძალიან პრინციპულია, არ შეიძლება, სამართლებრივი საკითხების ავკარგიანობა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით შეფასდეს

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არის ძალიან პრინციპული, რადგან არ შეიძლება, სამართლებრივი საკითხების ავკარგიანობა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით შეფასდეს, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უნდა მოხერხდეს პოლარიზაციის შემცირება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ფონზე, როცა მმართველი გუნდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებების მიხედვით თანამშრომლობის რესურსი ფაქტობრივად, არ არსებობს.

„სააკაშვილის პატიმრობა გადაწყვიტა სასამართლოს გადაწყვეტილებამ და შეუძლებელია, ჩვენ გვინდოდეს ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით შეიძლება, მაგალითად, ვინმეს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე გვქონდეს საუბარი და ასე შემდეგ. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სამართლებრივი გზა და ვფიქრობ, ამ საქმეებზე რამის შეცვლის და შეტრიალების სამართლებრივი რესურსი რეალურად არ არსებობს და ამოწურულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არგუმენტი, რომლითაც იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხება არ ჰქონია ვალერი გელაშვილის ცემის საქმესთან, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმესთან და ასე შემდეგ.

„საზოგადოება თვალს ადევნებს საინფორმაციო საშუალებებს და სხვათა შორის, ერთ არგუმენტს ვერ ვიტყვით, რომლითაც იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნათქვამია, რომ მაგალითად, სააკაშვილს შეხება არ ჰქონია გელაშვილის დასიკვდილებასთან, სიკვდილის პირას მიყვანასთან ან მაგალითად, შეხება არ ჰქონია გირგვლიანის თემასთან. რომც თქვან, ამას რა პერსპექტივა აქვს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს მომიჯნავე საქმეზე, მაგრამ მთლიანობაში, ამ თემასთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს და პრაქტიკულად, დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია? ან, მაგალითად, ეს საქმე პიჯაკების საქმედ კი მოინათლა, მაგრამ რეალურად, რვა მილიონზეა ლაპარაკი და ამ საქმის განხილვის პროცესიდან ნელ-ნელა რა ინფორმაციაც ჟონავს, იქ პიჯაკებზე სრულებითაც არ არის აქცენტი. არის მაგალითად, პრეზიდენტის შვილის განათლებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულ სახსრებზე, მოგზაურობაზე, დასვენებაზე ან რაღაც ესთეტიკური მედიცინის სერვისზე გაწეულ ხარჯებზე. ამასთან დაკავშირებით განა, პასუხი აქვს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“? როგორც ირკვევა, არ აქვთ. იმიტომ, რომ მე მაგალითად, ამაზე არგუმენტიც არ მომისმენია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც კი ამ რეჟიმში არიან გადასული და როდესაც ამ თემის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს, მათი არგუმენტია ის, რომ საქმეების პოლიტიკურად მოტივირებულია და ასე შემდეგ.

„ისინი საზოგადოებას არამც და არამც არ ხდიან ღირსად, რომ არგუმენტი უთხრან. ღირსად არ თვლიან არა, უბრალოდ, რას ეტყვიან, რაც არ აქვთ?“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა უცხოელი მედიატორების ჩართვა პოლიტიკური პოლარიზაციის განსამუხტად, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დასავლელი მედიატორების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გააკეთებს.

დატოვე კომენტარი