მიხეილ სარჯველაძე - მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია, რომ სასამართლო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს
მიხეილ სარჯველაძე - მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია, რომ სასამართლო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს

მოქმედი კანონმდებლობით ასეთი რამ დასაშვებია, რომ სასამართლო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხვათა შორის, ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის რამენაირად დამაკნინებელი, ზოგადად მართლმსაჯულების ხარისხის. სად განხორციელდება, ეს არ არის ცენტრალური და საკვანძო საკითხი. მთავარია, თვითონ მართლმსაჯულება განხორციელდეს ხარისხიანად. ახლა, რაც შეეკითხება იმ საკითხს, თუ ამ სხდომის ჩატარება სხვაგან მოხდება. მე, პირადად, სიმართლე გითხრათ, მირჩევნია, ეს სტანდარტულ ვითარებაში ჩატარდეს, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ საგანგებო ღონისძიებები იქნება დასაგეგმი. ჩვენ ქვეყანაში ბოლო ხანს მომრავლებული ე.წ. ცხელთავიანი ადამიანების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პენიტენციურმა სამსახურმა, პოლიციამ და სასამართლო ხელისუფლებამ საიმისოდ, რომ თუ საბოლოოდ გადაწყდება ამ სხდომის სასამართლოს შენობაში გამართვა, იქ ხელი არავის წაუცდეს და არ გაბედოს ძალმომრეობით რაღაც საკითხების მოგვარება ან გადაწყვეტა. ეს არ იქნება სწორი და ეს უნდა იყოს ყველა შემთხვევაში აღკვეთილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა რისკებს შეიცავს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრება ან მისი თუნდაც, ციხიდან ჩართვა, რადგან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მისი რეკომენდაცია იქნება, პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბუნებრივია, პროვოკაციები არის მოსალოდნელი.

„მით უმეტეს, იმ ფონზე, რასაც თუნდაც, დღევანდელ აქციაზე ვისმენთ, როცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან ასეთი რიტორიკა ისმის და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრია იმის მოსურნე, რომ ქვეყანაში პრობლემები, ძალმომრეობის გარემო შექმნან. როცა დემოკრატიულად, არჩევნებით ხელში ვერ იღებენ ხელისუფლებას, რაც ინსტინქტის დონეზე ძალიან სწყურიათ, ეს ხალხი თავს უფლებას აძლევს, კანონზე, სამართალზე მაღლა დადგნენ და ძალაუფლება ძალით ჩაიგდონ ხელში. სამწუხაროდ, ასეთია მათი ბუნება, ეს ყველამ კარგად იცის და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს მაქსიმალურად პედანტურად უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. თუ ეს გაუმართლებლად, ალოგიკურად დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ან მაგალითად, სიფრთხილის თვალსაზრისით გაუმართლებელი აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში, არსებობს ალტერნატიული ვარიანტი. ისეთი, როგორიც არის თუნდაც, სხდომის გამართვა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში. ესეც ნორმალურია და ესეც შესაძლებელია, ოღონდ, ამ შემთხვევაშიც, სხდომის საჯაროობა და სხვა პარამეტრები, რომლითაც პროცესის ავ-კარგიანობა ფასდება, რასაკვირველია, სრულფასოვნად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს კადრები მანამდეც ჰქონდა და ამის გამოქვეყნება არავისთვის ნიშნის მოსაგებად არ დასჭირვებია.

„ამის გამოქვეყნება აუცილებელი გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ორკესტრირებულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ საზოგადოებას უხეში შეცდომა დაეშვა და შექმნოდა შთაბეჭდილება, თითქოს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მას საერთოდ არავითარი საზრდო არ მიუღია. ამის საპირისპიროდ გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც მოწმობს, რომ რეალურად, ასეთი მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.