მიხეილ სარჯველაძე - ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებებზე ოპოზიციისგან ბევრი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ, მაგრამ სამართლებრივად წონადი არგუმენტი არ დასახელებულა
მიხეილ სარჯველაძე - ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებებზე ოპოზიციისგან ბევრი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ, მაგრამ სამართლებრივად წონადი არგუმენტი არ დასახელებულა

ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებებზე ოპოზიციის მხრიდან ბევრი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ, მაგრამ სამწუხაროდ, სამართლებრივად წონადი არც ერთი არგუმენტი არ დასახელებულა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„რასაკვირველია, ოპოზიციის ჩართულობა რაც მეტი იქნება, არის უკეთესი. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში, ოპოზიციას რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა, კანონპროექტის განხილვაში იგივე საკომიტეტო მოსმენების ეტაპზე ჩართულიყო და კრიტიკული დამოკიდებულება გამოეხატა. თუმცა, როდესაც ჩვენ ეს იგივე პლენარულ სხდომაზე განხილვისას ვიხილეთ, სამწუხაროა, მაგრამ იქაც ძალიან ხმამაღალი შეფასებები მოვისმინეთ, რეალურ მიზნებთან, ჩანაფიქრებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ბევრი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ, მაგრამ პრაქტიკულად, იქ არც ერთი ისეთი არგუმენტი არ ყოფილა დასახელებული, რომელიც რეალურად, სამართლებრივად წონადი არგუმენტი იქნებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვას უპასუხა, იქნებოდა თუ არა უმჯობესი, ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებები ოპოზიციის ჩართულობით მიღებულიყო და არა ასე ნაჩქარევად, რადგან ეს საკითხი დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის შემდეგ ახალი პოლიტიკური უთანხმოების დაწყების საბაბი გახდა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელმა კრიტიკა გამოთქვა, რომ ეს საბჭოთა კავშირისდროინდელი კოდექსია, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში არანაირად არ არის რელევანტური არგუმენტი.

„ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცუდია, რომ საბჭოთა დროინდელი კოდექსია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში აქვს გათვალისწინებული, რომ ამაზე სახელმწიფოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზოს, მაგრამ ამ კონკრეტულ ცვლილებასთან მიმართებაში, რა შეიძლება იყოს კონტრარგუმენტი იმაში გამოხატული, რომ საბჭოთადროინდელ კოდექსში შეგვაქვს ცვლილება, ჩემთვის გაუგებარია. გეტყვით, რატომ – „მაცნეს“ ვებგვერდზე არის მონაცემები, რომ ამ კოდექსში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, ოთხას ორმოცდაათამდე ცვლილებაა შესული და ნუთუ, ვინმეს გაუჩნდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოთხასორმოცდაათივე ცვლილება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში ამ კოდექსში შევიდა, ერთი მეორეზე უარესია, მარტო იმიტომ, რომ ეს არის ცვლილება იმ კოდექსში, რომელიც საბჭოთა დროს არის მიღებული?! არ შეიძლება, ეს ცვლილებები ამ სახით შეფასდეს. პირიქით, იქ არის ძალიან ბევრი პროგრესული ნორმა და მე მწამს, რომ მათ შორის, ბევრი თვალსაზრისით, ეს ცვლილებაც პროგრესული გახლავთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.