მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული ოთხივე პირი ბრალს აღიარებს
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული ოთხივე პირი ბრალს აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების – გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიების წინასასამართლო სხდომა იმართება.

მოსამართლემ განსასჯელებს შეკითხვა დაუსვვა, აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს. თითოეულმა მათგანმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალს აღიარებს.

სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

ასევე, დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაისინჯა. პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ოთხივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების თაობაზე იშუამდგომლა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კვლავ არსებობდა გარკევული საფრთხეები, რომლების აღსაკვეთადაც ერთადერთი ღონისძიება არის პატიმრობა.

„ის ფაქტი, რომ ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ არის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ ეს არ არის იმ დონის საფუძველი, რომ შეეცვალოთ აღკვეთის ღონისძიება. საპროცესო შეთანხმებაზე ჯერჯერობით არ მოუმართავთ. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სხვა პირები უკრაინაში არ იყვნენ, ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით, დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის ქმედებები თუ რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთისას“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.