მიხეილ სააკაშვილი - უნდა დავნერგოთ სახეების ამოცნობის ტექნოლოგია საარჩევნო უბნებთან
უნდა დავნერგოთ სახეების ამოცნობის ტექნოლოგია საარჩევნო უბნებთან, – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ „მთავარ არხზე“ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე მისი პირადი შტაბის გახსნის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულ შტაბში უცხოელ ექსპერტებსაც მიიწვევს.
„მექნება ყოველდღიური ჩართვები. აქ ჩამოვიყვანთ ძალიან ბევრ კონსტულტანტს, მათ შორის უცხოელს, ამერიკელს, ევროპელს, უკრაინელს, რომლებიც გვასწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს „ფეისბუქზე“ ბრძოლის, თანამედროვე ტექნოლოგიებს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის. მაგალითად, უნდა დავნერგოთ სახეების ამოცნობის ტექნოლოგია საარჩევნო უბნებთან.
გამოცდილებას გავიზიარებთ მშვიდობიანი პროტესტის, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არჩევნების მოპარვის, მოსყიდვის გეგმების წინააღმდეგ, ძველი ბიჭების წინააღმდეგ, რომლითაც ცდილობენ, დააჩმორონ ჩვენი ახალგაზრდობა თბილისსა და ყველა სხვა რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, არ აპირებს მხოლოდ ქუჩის პროტესტს და მოვლენების პასიურად ყურებას, როცა „იქნება დაშინება და ტერორი“.
„ჩვენ იმისთვის არ ვართ, ცალ ლოყაში რომ გაგვარტყამენ, მეორე შევუშვიროთ, უნდა გადავიდეთ ბრძოლის აქტიურ ფაზაზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.