მიხეილ სააკაშვილი - თავიდან ბოლომდე პროცესში ვარ ჩართული, უკან არ დავიხევ და არც დამიხევია აქამდე, მაგრამ ახლა გადმოვალ შეტევაზე
მიხეილ სააკაშვილი - თავიდან ბოლომდე პროცესში ვარ ჩართული, უკან არ დავიხევ და არც დამიხევია აქამდე, მაგრამ ახლა გადმოვალ შეტევაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივით ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი. მე, მიხეილ სააკაშვილი ამას არ გავატარებ. თუ ამ არჩევნებს რამე მექანიზმებით ან გააყალბებ ან მოიპარავ, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით. ამას ნამდვილად არ შეეგუება სანდრა, ამას ნამდვილად არ შევეგუები მე, მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს მასშტაბით ხალხის მობილიზაციას, მშვიდობიან ქმედებას, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და არ იქნება ნორმალური არჩევნები. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მე ვარ ამ პროცესში ჩართული თავიდან ბოლომდე, მაქვს საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან სერიოზულად არის განწყობილი და უკან დახევას არ აპირებს.

„მე თავიდან ბოლომდე ჩავერთვები ორგანიზაციაში, როცა არჩევნებს ჩაიდებთ ჯიბეში, რა თქმა უნდა, დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე, საქართველოში ამ პროცესებში ისე, რომ თითსაც ვერ დამაკარებთ. უკან არ დავიხევ და არც დამიხევია აქამდეც, მაგრამ ახლა გადმოვალ შეტევაზე. დაიმახსოვრე ეს კარგად, ან არჩევნებს ატარებ წყნარად და ეგუები მარცხს, ან შემდეგ საქმე გექნება მთლიანად საზოგადოების აღშფოთებასთან და ბევრად მძიმე შედეგებთან შენთვის, შენი არსებობისთვის, პოლიტიკური მომავალი ისედაც არა გაქვს, მაგრამ ყველანაირი სხვა მომავლისთვის, შენი თავისუფლებისთვის, კეთილდღეობაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და წავალ ბოლომდე“, – აცხადებს სააკაშვილი.