მიხეილ სააკაშვილი - მაქვს ზუსტი გეგმა, როგორ შევძლოთ კორონავირუსის შემცირება
მიხეილ სააკაშვილი - მაქვს ზუსტი გეგმა, როგორ შევძლოთ კორონავირუსის შემცირება

მაქვს ზუსტი გეგმა, როგორ შევძლოთ კორონავირუსის შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელიც „ფეისბუქში“ გაავრცელა.

„სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების, პრობლემების გადალახვის გზას, საქართველოს მოწინავე ქვეყნებს შორის გაყვანის გზას. მე მინდა, ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც ახლაა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მე მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ტემპების, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ამის განეიტრალება, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში, უამრავ ადამიანს მოუსწრაფებს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, შეიძლება ამას აქვს პოტენციალი ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში სწრაფი წინსვლა დაიწყება.

„მეორე, როგორია ტაქტიკა ახლა არსებული ოლიგარქიული წყობის. დაცვის პირველ ხაზად იყენებენ რაღაც ნაწილი ოპოზიციური ჯგუფების, რომელთაც აქტიურად მისცეს დავალება. ზოგი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს – სააკაშვილის ლანძღვის, რადგან, ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა სწორედ ჩემი პიროვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება, წინსვლაა და ეს არის ის, რაც არის დაკავშირებული ჩემთან, რადგან ქართველმა ხალხმა იცის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლის სამართლებრივი დევნა, რევანში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პირადად მე და ეს არ განხორციელდება, რადგან არ შეიძლება, ქვეყანამ ერთსა და იმავე წრეზე იაროს, მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწრაფი განვითარება. ეს შეგვიძლია სწორედ ჩვენ“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ამიტომ ეშინია მათი ხელისუფლებას ყველაზე მეტად.

„ახლა ხდება მონტაჟის გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაღაც ჩანაწერების გამოყვანა ნამდვილის თუ ტყუილის, მერე ბილბორდებზე ჩემი და ჩემთან წარსულში თუ ახლა ასოცირებული პირების სახეების დახატვა, მოჭყანული სახეების და ხალხის დაშინება ბუა მოდის და მგელი მოდის. რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდებზე, მით კარგია ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, თქვენ დროს შემცირდა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ დროს იყო სწრაფი პროგრესი, მათ შორის საქართველოს პოზიციის დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში და თქვენ დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან. ჩვენ დროს მოხდა აღორძინება, მკვეთრი გაძლიერება რწმენის, ქართული ტრადიციული ფასეულობების. ჩვენ დროს აღდგა ბაგრატი, ასობით სხვა ძეგლი და თქვენ აგერ, გაანადგურეთ გელათი. მართლა გული მიკვდება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ქართველმა ხალხმა იცის და რაც მეტად შეახსენებთ, მით უკეთესი.

ამიტომ, ყველანაირი გეგმები, საჯარო მოხელეების გამოყენების არჩევნებზე, მოსყიდვის სქემები. საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება, მათი არჩევანის თავისუფლება არის დაცული და ისინი არიან პიროვნებები. უნდა ამოვიდნენ არა იქიდან, უფროსი რას ეტყვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და დარწმუნებული ვარ, ჩემო მეგობრები, რომ ასეც იქნება, რადგან ჩვენ ახლდა დასაკარგი დრო არ გვაქვს. საქართველოს აქვს წარმოუდგენლად მაგარი პერსპექტივები, მაგრამ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები. ყოველდღე უნდა მოვემზადოთ, რადგან ჩვენთვის ეს არის ან გამარჯვება, ან საქართველოს პერსპექტივის სიკვდილი. ან გამარჯვება, ან სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი. ასე რომ, სიკვდილს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება და ასეც იქნება, აბა თქვენ იცით“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

დატოვე კომენტარი