მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბაზე რაღაცები გააკეთა იმის გამო, რომ ჩემმა მთავრობამ არ შეუქმნა პრობლემები „თიბისი ბანკს“
მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბაზე რაღაცები გააკეთა იმის გამო, რომ ჩემმა მთავრობამ არ შეუქმნა პრობლემები „თიბისი ბანკს“

მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბაზე რაღაცები გააკეთა იმის გამო, რომ ჩემმა მთავრობამ არ შეუქმნა პრობლემები „თიბისი ბანკს“, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რამდენჯერმე ახსენა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ მერაბ კოსტავას პალტო შემოახია.

„ხაზარაძეს მინდა, პასუხი გავცე – არ მინდოდა ამის გახსენება, მაგრამ ამ კაცმა ვერაფერი ისწავლა ცხოვრებაში. ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე. „გეპეის“ კომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდნენ „გეპეიდან“ დუბინკით ის და მისი ბოევიკები და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ქონდა, საცოდავს, ცხოვრებაში, რადგან ციხიდან იყო ახალი გამოსული, მამუკა ხაზარაძემ ის პალტო მთლიანად შემოახია“, – თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ინფორმაციას იღებს კლიენტების ანგარიშებიდან მათ ბიზნესებზე და მერე აკოტრებს მათ. მისივე თქმით, ის თანამშრომლებს 700-800 ლარს უხდის ხელფასს, დირექტორს უხდის 15 მილიონს წელიწადში და თვითონ მიაქვს წელიწადში 100 მილიონი.

„მე კარგად მახსოვს, ლისის ტბაზე როცა გადასახდელი ქონდა 180 მილიონი დოლარი და იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მესამედი გადაახდევინა სახელმწიფომ, კრიზისი გავითვალისწინეთ და დღეს ლისის ტბა მათ საკუთრებაში აქვთ, რაღაცები გააკეთეს სწორედ იმის გამო, რომ მაშინ მთავრობა წავიდა შემხვედრ კურსზე და არ შეუქმნა პრობლემები ბანკს. მაგრამ, ეს მართალია, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ატყავებს ცოცხლად ხალხს. საქართველო არის საბანკო დავალიანების კუთხით მეორე ადგილზე მსოფლიოში და მინდა გითხრათ, რომ ეს სრულიად არაბუნებრივი სიტუაციაა, გამოსავალი არის მხოლოდ დემონოპოლიზაცია, რომ მათ არ ქონდეთ არაპროფილური ბიზნესები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია, საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და ქაოსი გამოიწვიოს.