მიხეილ სააკაშვილი - გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული, ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ
მიხეილ სააკაშვილი - გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული, ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ

გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული, ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ აქვს დიდი გეგმები უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით.

„საერთო ჯამში, თქვენ უნდა იცოდეთ, მე დიდი გეგმები მაქვს უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით.

დიდ ტრანსფორმაციას ვემხრობი. არ მჯერა არასრული ნაბიჯების და არ მჯერა პროცესის. მჯერა მხოლოდ პროცესის შედეგის. ამ შემოდგომაზე მე ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის საქართველოში.

ჩვენ დავასრულებთ ჩემი სამშობლოს, საქართველოს დამცირებას და ჩემი ხალხის განადგურებას რუსეთის პროტეჟეს, ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფ რელსებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ პირადად მომიწევს ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.

დიახ, მე ვიბრძვი უკრაინასა და საქართველოში. დიახ, მე არ ვითხოვ მაღალ თანამდებობებს არც ერთ ქვეყანაში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონული ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ გაუმჯობესებისა და რეფორმის იმედთან. ამ ხალხს მე არ დავაღალატებ, რაც უნდა მოხდეს და რადაც უნდა დამიჯდეს. როგორი სირთულეებიც უნდა იყოს, მე არასდროს, არასდროს, არასდროს დავნებდები და არ ჩამოვუშვებ ხელებს არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და არც პირად ცხოვრებაში“, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, მის წინ ბევრი დაბრკოლება და ბევრი იმედგაცრუებაა.

„დიახ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდი, თუმცა, ამავდროულად, მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ფრონტზე ჩვენ დიდი საქმეები და დიდი წარმატება გველოდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის საკეთილდღეოდ, რომლებიც ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი არიან, რომელთათვისაც მე ვცხოვრობ და ვაპირებ, ვიცხოვრო დარჩენილი სიცოცხლე. გარემოებების გამო, ენერგიის ისეთ მოზღვავებას განვიცდი, რომელიც დიდი ხანია, არ მიგრძვნია.

ყველაფერს, რასაც გავაკეთებ, გავაკეთებ სიყვარულით, სიყვარულისთვის და იმისათვის რაც ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას – ჩვენი ქვეყნებისა და მათი შესანიშნავი მოქალაქეებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მე კი არ ვარ გამარჯვებისთვის დაბადებული, არამედ უკრაინაც და საქართველოც გამარჯვებისთვის არიან დაბადებული! ჩემი თანამებრძოლები და ახლობელი ადამიანები გამარჯვებისთვის არიან დაბადებული! ეს არის ჩემი გზა. შემომიერთდით. ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.