მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს, საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს, საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული

აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს და გავყიდეთ ქართული მიწა, – აცხადებს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველა შეხვედრაზე აყენებდნენ საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული.

„რაც გუშინ იკადრეს აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებზე, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა.

მინდა, გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები – ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან, ამ ტერიტორიების გასხვისების. შემდეგ, ისინი აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს – 70 მილიონი თუ 80, რაც დაიბადება „ეფესბეს“ პროპაგანდისტებისა და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულაიდ საწინააღმდეგო.

ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვაყენებდით საკითხს იმისა, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენ დროს, ვერავინ ვერ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა, ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა, ჩაუკეტეს საშუალება შეხების საკუთარ სიწმინდეებთან, საკუთარ ისტორიასთან, საკუთარ კულტურასთან.

ეს მოხდა ამათ დროს. ამავე დროს, ამათ დროს ჩვენი ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე და ეს არის ძალიან საშიში სიტუაცია. ის, რომ ეს პროვოკაცია ხდება, იმ დაძაბულობის და ომის ფონზე, რაც ახლა მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც აქტიურად მონაწილეობს, რა თქმა უნდა, მოსკოვი, ესეც ხომ არ არის შემთხვევითი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.

დატოვე კომენტარი