მიხეილ ხუციშვილი - „სამტრედიასთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ცეცაძე გაწვრთნის
მიხეილ ხუციშვილი - „სამტრედიასთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ცეცაძე გაწვრთნის

„სამტრედიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საქართველოს პირველ არხთან იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც გუნდი ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ დატოვა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყოფილ მწვრთნელს, გიორგი მიქაძეს, რომელიც ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა და ჩვენი გუნდის გაწვრთნას დროებით დათანხმდა. ის ნაკრებში საქმიანობას დაუბრუნდა, გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ამზადებს და წარმატება მინდა ვუსურვო“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მიხეილ ხუციშვილი.

„სამტრედიას“ მმართველი დირექტორი მიხელ ხუციშვილი გახარებულია, რომ გია ცეცაძე მთავარ მწვრთნელობას დათანხმდა. თუმცა, არ მალავს, რომ მის წინაშე რთული ამოცანა დგას:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გია დაგვთანხმდა და რომ დღეს ის „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელია. სამწუხაროდ, ფორსმაჟორში ვართ და ასეთ ვითარებაში გუნდის დაკომპლექტება ძალიან ძნელია“.

ხუციშვილის თქმით, ახალ სეზონში „სამტრედიას“ დაფინანსება შემცირდა:

„ახლა გადაწყდა, „სამტრედია“ რა თანხით დაფინანსდება. აქედან გამომდინარე უფრო ადრე შეკრების დაწყება და ფეხბურთელების მოყვანა ვერ შევძელით. სულ სამი დღეა, რაც მზადება დავიწყეთ. ამიტომ ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება“.