მიხეილ ხუციშვილი - ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში, ევროპა ქართველებით დაინტერესდება
მიხეილ ხუციშვილი - ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში, ევროპა ქართველებით დაინტერესდება

ვეტერანი ფეხბურთელი და „სამტრედიას“ მმართველი დირექტორი ევროპაში თამაშობდა და სამენეჯერო კავშირები გააჩნია. მან ქართველი ფეხბურთელების ევროპაში გადასვლის პრობლემებზე ილაპარაკა.

„ქართველი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში ბევრი მიზეიზთ ვერ თამაშობენ. ერთი მიზეზი ისიცაა, რომ საქართველო ევროპიდან შორს არის. პირდაპირი რეისი ბევრი ქვეყნიდან არ არის, ჩამოსასვლელად ორი რეისი სჭირდებათ და ამაში დროის დაკარგვას ახლო მდებარე ქვეყნებში ჩასვლას ამჯობინებენ. ამიტომ მოხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ტოპ-ლიგებში. ეს ქვეყანა საბერძნეთის მოსაზღვრედაა, იქვეა იტალია, გერმანია და ავსტრიაც. ევროპელი სკაუტები საათნახევარში იქ არიან, ნახავენ თამაშს და უკან მანქანით ბრუნდებიან. დაახლოებით, თბილისი-ხაშურის გზის გავლა უწევთ და არ ეზარებათ. ჩვენთან კი ოთხი დღის დაკარგვა არ უღირთ“, – ამბობს ხუციშვილი.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვითარებას რადიკალურად შეცვლის: „ჩვენი სამმილიონიანი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეს, მიხვდებიან, რომ საინტერესო ფეხბურთელები გვყავს და ოთხ დღეს როგორმე მოძებნიან, საქართველოში ტალანტები რომ აღმოაჩინონ. თორემ, რომ იცოდეთ, მაკედონიელებს ჩვენს ჩემპიონატზე უკეთესი დონის პირველობა ნამდვილად არ აქვთ“.

ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ნაკრების ზოგიერთი წვერი ბევრად უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს: „კანკავა მაღალი დონის ფეხბურთელია და „ტობოლში“ არ უნდა თამაშობდეს. თემურ ქეცბაიამ ჩვენი ნაკრებისთვის უდიდესი საქმე გააკეთა და მასთან მადლობის გარდა რა გვეთქმის, მაგრამ ჩემი აზრით, ოქრიაშვილს „ანორთოსისზე“ ბევრად მაღალი დონის გუნდში თამაში შეუძლია. ეს მოხდება, ჩვენ თუ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ“.