მიხეილ კალანდიას ადვოკატი გენერალურ პროკურატურას უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ მიმართავს
მიხეილ კალანდიას ადვოკატი გენერალურ პროკურატურას უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. როგორც ადვოკატი ამბობს, ვიდრე უზენაესი სასამართლო გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე მიღებულ განაჩენს არ გადასცემს, ის დაცვის მხარის სტრატეგიას ვერ ჩამოაყალიბებს.

ამასთან, როგორც ზურაბ თოდუამ განაცხადა, დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშვილის მიმართ სარჩელს შეიტანს. ადვოკატის თქმით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის განჩინება – გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაცვის მხარისთვის გადაცემა არ შეასრულა, რითაც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია.

„დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემაქვს სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რასაც ადგილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშვილის მხრიდან, როდესაც მან არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის განჩინება, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ვალდებული იყო, გადმოეცა ჩემთვის გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე მიღებული განაჩენი და ამ საქმეზე არსებული სხდომის ოქმები.

მიუხედავად ამ კანონიერი მოთხოვნისა, მან სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია და ვითხოვ, დაიწყოს დევნა ამ ადამიანის მიმართ. მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, მაგრამ ვიდრე ეს განაჩენი არ მექნება, შემდგომ დაცვის სტრატეგიას ვერ ვაყალიბებ, რამეთუ, ეს არის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბრალდებულის დაცვის მხარეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რათა გავიგოთ, რამ გამოიწვია და რა მოხდა 2020 წლის 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში, როცა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ ჩვენთან თქვა, რომ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამ 13 დღის განმავლობაში უზენაესმა სასამართლომ მას დაუდგინა განზრახ მკვლელობა, რომელიც თურმე საპროცესო შეთანხმებით გაფორმდებოდა. ჯანაშიას ჯერჯერობით ვერ დავკითხავ, ვიდრე არ მექნება განჩინება“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.