მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ნიუ იორკში გაემგზავრება
მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ნიუ იორკში გაემგზავრება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს სამუშაო ვიზიტით ნიუ იორკში გაემგზავრება.

მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში – High level meeting on peacebuilding and sustaining peace.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებული ტერიტორიების სახით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე ისაუბრებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ში საქართველოს ორგანიზებით პარალელური ღონისძიება – Achieving sustainable peace based on the respect of human rights გაიმართება, რომელიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიეძღვნება.

საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გენერალურ დებატებში მონაწილე გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის დელეგატები დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა კოლეგა მინისტრებთან.

მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი 25 აპრილს დასრულდება.