მიხეილ დაუშვილი - ომი არ გვინდა და სიფრთხილე საჭიროა, თუმცა კითხვა ჩნდება, „ქართული ოცნება“ რეალურად ფრთხილობს თუ პირიქით, ქვეყანას რისკებს უზრდის
მიხეილ დაუშვილი - ომი არ გვინდა და სიფრთხილე საჭიროა, თუმცა კითხვა ჩნდება, „ქართული ოცნება“ რეალურად ფრთხილობს თუ პირიქით, ქვეყანას რისკებს უზრდის

თქვენგან ბევრი მოვისმინეთ, რომ ომი არ გვინდა; რა თქმა უნდა, ომი არ გვინდა და სიფრთხილე საჭიროა, თუმცა კითხვა ზუსტად აქ ჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ დღეს რეალურად ფრთხილობს თუ პირიქით, ჩვენს ქვეყანას რისკებს ყოველდღიურად უფრო და უფრო უზრდის? – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

დაუშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სრულად მოწყვეტილია მოქალაქეების პრობლემებს და მისი ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ყოველდღიურად „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო საშიში ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის და საერთოდ, ქვეყნის მომავლისთვის. გუშინ ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი ჩანაწერი ბატონ ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის. ცალსახად, ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვით მინდა ვთქვა, რომ თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, მაშინ უმძიმეს რეალობასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, ბუნდოვანი გახდეს საერთოდ ჩვენი ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დაუშვილის თქმით, ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ხდება რუსი ოლიგარქების სანქციების თავის არიდების ინსტრუმენტი.

„ე.ი. იმ ქვეყნის ინსტრუმენტად ხდით ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, აგრძელებს ბორდერიზაციას, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, მიგვათრევს საბჭოთა კავშირისკენ და ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს, რომ წაგვართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.