მიხეილ ბატიაშვილი - ცვლილებები გამოცდების სისტემაში განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია
მიხეილ ბატიაშვილი - ცვლილებები გამოცდების სისტემაში განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. მან დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტში არაერთხელ ჰქონდა გამოსვლა და ყველა კითხვას მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი უკვე გასცა.„მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავეცი ყველა შეკითხვას პასუხი და წერილობითაც მაქვს წარმოდგენილი, ამჯერადაც მზად ვარ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. შესაბამისად, თვითონ გამოვთქვი აქ მოსვლის სურვილი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა გულისხმობს მისი ყველა მიმართულების სრულ ტრანსფორმაციას და მოიცავს, როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგადი, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერება.

„ცვლილებები გამოცდების სისტემაში არის განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. წლების წინ ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესება ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს – სკოლის მიმართ ინტერესის გაზრდა, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება, სკოლის გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება, დამატებით მომზადების საჭიროების შემცირება, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესება, სკოლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა. სისტემის გაუმჯობესების მცდელობა მხოლოდ ასეთი გამოცდების დაწესებით იყო შეცდომა. რეალურად, ზემოთ აღნიშნული შედეგები არ დადგა“, – განაცხადა მინისტრმა.