მიხეილ ბაშელეიშვილი - „სამგურალი“ ევროტურნირებისთვის აუცილებლად იბრძოლებს #1TVSPORT
მიხეილ ბაშელეიშვილი - „სამგურალი“ ევროტურნირებისთვის აუცილებლად იბრძოლებს #1TVSPORT

მიხეილ ბაშელეიშვილმა, რომელიც გასულ სეზონში წყალტუბოს „სამგურალის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, გასულ სეზონზე, თურქულ შეკრებასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

25 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გუნდის მაისურით ეროვნულ ლიგაში 31 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„პირველი სეზონი ჩავატარე „სამგურალში“ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებდა, ყველა მაქსიმუმს აკეთებდა. მთელი სეზონი სამეულში ვიყავით და მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. სამწუხაროა, ევროტურნირებზე გასვლა რომ ვერ მოვახერხეთ.

არადა, ამის რეალური შესაძლებლობა გვქონდა. ჩემი აზრით, ბოლო თამაშებში ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ და გორის „დილასთან“ გადამწყვეტ მატჩს გამოფიტულები შევხვდით. ალბათ ცოტა იღბალიც დაგვაკლდა. საბოლოო ჯამში, ძლიერი გუნდი გვყავდა, თუმცა ჩვენგან ასეთ გამოსვლას მაინც არავინ ელოდა. „სამგურალმა“ არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა, ჩემი აზრით, ბათუმის „დინამოსთან“ ორი გასვლითი შეხვედრა ყველაზე გამორჩეული იყო.

სეზონის წინ გუნდში ცვლილებები მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს – გიორგი ჭელიძე, რომელსაც თავისი ხედვები აქვს. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელებიც. შეთამაშების პროცესში ვართ და ვფიქრობ, წელსაც ძლიერი გუნდი გვეყოლება. აუცილებლად ვიბრძოლებთ ევროტურნირებისთვის და მიზანს მაინც მივაღწევთ“, – ამბობს მიხეილ ბაშელეიშვილი.