მიხეილ აშვეთიამ „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მიხეილ აშვეთიამ „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, — ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამტრედიას“ ცნობით, ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში, „სამტრედია“ მე-11 ტურში სტუმრად „რუსთავს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. შედეგად, გუნდმა 11 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. „სამტრედია“ სეზონის სტარტზე ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა.
მიხეილ აშვეთია 1996–2007 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო. სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2016–2020 წლებში ქუთაისის „ტორპედოში“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, 2020–2021 წლებში — წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ 2021–2023 წლებში ამავე კლუბში ასისტენტად იმუშავა, 2023–2024 წლებში კი კვლავ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. „სამტრედიას“ ის 2025 წლიდან ჩაუდგა სათავეში.