მიხეილ აშვეთია - „ტორპედოსი“ იქით ეშინოდეთ გუნდებს
მიხეილ აშვეთია - „ტორპედოსი“ იქით ეშინოდეთ გუნდებს

15 დეკემბერს, ქუთაისის ,,ტორპედო” ეროვნული ლიგის პლეი ოფის ორმატჩიანი დუელის პირველ შეხვედრაში „გაგრას“ თბილისში ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე” დაუპირისპირდება. მატჩი 13:30 საათზე დაიწყება.

მომავალ მატჩზე ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მიხეილ აშვეთიამ ილაპარაკა.

„საპასუხისმგებლო თამაშია, რომელიც უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს ეხება. ყველა სერიოზულად ვემზადებით. განწყობაც ისეთი გვაქვს, რომ აუცილებლად კარგ შედეგს დავდებთ. საჭიროა დავივიწყოთ რაც აქამდე მოხდა, რადგან ეს უკვე არავის აინტერესებს. რეალობა ისაა, რომ პლეი ოფში ვთამაშობთ, რომელიც წელს ჩვენი გუნდისთვის ყველაზე დაძაბული და მნიშვნელოვანი თამაში იქნება. დარწმუნებული ვარ ყველა ელის, როგორც ჩვენი ბიჭები, ისე სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრებიც, რომ „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და მსგავსი შემთხვევა აღარ უნდა განიხილებოდეს სამომავლოდ, „ტორპედოს“ ადგილი უმაღლეს ლიგაშია! ფანებს მოვუწოდებ, რომ ბიჭებს გვერდით დაუდგნენ, მათ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ძალიან ბევრი რამ მოხდა გუნდში და ახლა მხარდაჭერა, გამხნევება სჭირდებათ ჩვენს ფეხბურთელებს. ერთად დგომით კარგ შედეგს ვაჩვენებთ, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველაფერი“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.

მისი თქმით, ამ უჩვეულო მდგომარეობამდე გუნდი რთულმა გარემომ მოიყვანა:

„გუნდმა ბევრი რამ გამოიარა, იყო არეულობა, აგრეთვე პანდემია, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ქუთაისის „ტორპედოზე”. თითქმის ყველას ჰქონდა „კოვიდი“, გამომდინარე აქედან, რთული პერიოდი დადგა და თამაშებში ჩავარდნებიც დაიწყო. არ იფიქროთ, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც ნახევარზე მეტი მოთამაშე კორონავირუსით დაავადებულია და გუნდს ვერ ეხმარება. ხოლო როდესაც გადაიტანეს ვირუსი, იმწამსვე თამაში მოუწიათ. ისინიც ადამიანები, სპორტსმენები არიან და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად გამოვიდნენ და მეორე-მესამე დღეს სრული მომზადების გარეშე ითამაშეს. ამიტომ იმ ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის“.

აშვეთიამ პლეი ოფის მეტოქეზე, „გაგრაზე“ ილაპარაკა:

„ჩვენი მეტოქე საქართველოს თასის მოქმედი ჩემპიონია. „გაგრა“ დაარსების დღიდან მებრძოლი გუნდია და უბრძოლველად არაფერს არ დათმობს, მაგრამ ქუთაისის „ტორპედო“ „ტორპედოა“ და არავისი ეშინია, იქეთ ეშინოდეს გუნდებს! ბიჭები საბრძოლველად მობილიზებულები არიან. მათ ბრძოლისუნარიანობა თელავშიც დაამტკიცეს. გამომდინარე აქედან, გუნდში ორმაგად და სამმაგად მეტი მოტივაციაა. ეს ორრაუნდიანი დაპირისპირებაა, ამიტომ ხარისხი იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი მხოლოდ შედეგია!“.