მიხეილ აშვეთია - „ტორპედოს“ ყველაზე დიდი მეტოქე დროა
მიხეილ აშვეთია - „ტორპედოს“ ყველაზე დიდი მეტოქე დროა

მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის „ტორპედოს“ საკონტროლო მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა ეროვნული ლიგა 4-ის „ზესტაფონი“ 2:0 დაამარცხა.

„მორიგი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ჩემპიონატის დაწყებამდე დროს მაქსიმალურად ვიყენებთ, რომ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩს კარგად შევხვდეთ. სამწუხაროდ, სავარჯიშო მოედანი ცუდ მდგომარეობაშია და ტაქტიკური სქემის დამუშავებაში ხელი ამანაც შეგვიშალა. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან იყო მოძრაობა და ბიჭები ტაქტიკურ სქემას ნელ-ნელა ითვისებენ“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.

აშვეთიამ ლეგიონერებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ დამატებული ფეხბურთელებით კმაყოფილია: „საფეხბურთო კუთხით განათლებული ლეგიონერები გვყავს და მათი დამატებით კმაყოფილი ვარ. ყველა მონდომებულია და თითოეული თავის ბოლო კლუბში თამაშობდა. მე მათი მჯერა, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. დღეს სამუელ ინკუმიც ჩამოვიდა და გუნდთან ვარჯიშიც დაიწყო. თუ სხვა სიახლე იქნება, ამას გულშემატკივრებიც შეიტყობენ“.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება ერთსულოვნების აუცილებლობაზეც გაამახვილა: „სხვათა შორის, საკონტროლო შეხვედრაში შეუთამაშებლობამაც თავისი კვალი დაგვატყო. მაგრამ ბათუმის „დინამოსთან“ ამის თქმას არავინ გვაპატიებს. ამიტომ ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. ჩვენ, გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა ერთად უნდა დავდგეთ, რომ კარგი გუნდი ჩამოვაყალიბოთ – ამაში ეჭვი არც მეპარება. „ტორპედოს“ ყველაზე დიდი მეტოქე დროა. მაგრამ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ“.

ქუთაისის „ტორპედო“ სეზონს 27 თებერვალს გახსნის – ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩში აშვეთიას გაწვრთნილები ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ.