მიხეილ აშვეთია - შოთა არველაძის მასტერკლასის შემდეგ ბავშვები უფრო დიდი ენთუზიაზმით ივარჯიშებენ #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია - შოთა არველაძის მასტერკლასის შემდეგ ბავშვები უფრო დიდი ენთუზიაზმით ივარჯიშებენ #1TVSPORT

ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე დასავლეთის ტურის ფარგლებში დღეს წყალტუბოს ეწვია და 26 მაისის სახელობის სტადიონზე „სამგურალის” საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელებისთვის ღია ვარჯიში ჩაატარა.

შოთა არველაძესთან ერთად საწვრთნელ პროცესში „სამგურალის“ მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ შოთა და არჩილ არველაძეებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და წარმატებები უსურვეს.

„მისასალმებელია ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელისა და მწვრთნელის სტუმრობა. ეს ვარჯიში ჩვენი ბავშვებისთვის დაუვიწყარი იქნება. ზოგადად, ძალიან კარგი წამოწყებაა, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის დიდი საქმე კეთდება.

შოთასთან ერთად საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი. ასაკით ჩემზე უფროსია და მის გვერდით მოედანზე გასვლა დიდი პატივი იყო, უფრო დიდი მოტივაციით ვთამაშობდი.

ბავშვები შოთას ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ. ძალიან მოტივირებულები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მასტერკლასის შემდეგ ვარჯიშს კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გააგრძელებენ“, – ამბობს „სამგურალის“ სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია.