მიხეილ აშვეთია - „სამგურალში“ კიდევ სამ ლეგიონერს ველოდებით #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია - „სამგურალში“ კიდევ სამ ლეგიონერს ველოდებით #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ აშვეთიამ ახალი ტრანსფერები დაანონსა. ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი 2021 წლიდან „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, წელს კი სპორტული დირექტორად გადაიყვანეს და ამ პოსტზე პირველი ნაბიჯები გადადგა.

„სპორტული დირექტორობა დეკემბერში კლუბის პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა შემომთავაზა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო და გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. თუმცა, საბოლოოდ, დავთანხმდი – ძალიან საინტერესო სფეროა, სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მეხმარება. ახალ თანამდებობას უკვე კარგად შევეწყვე და ვფიქრობ, კლუბის განვითარებისთვის შემიძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ჩემი ძირითადი მოვალეობები სატრანსფერო პოლიტიკის წარმოება, კლუბის განვითარებისთვის ზრუნვა, გუნდის დაკომპლექტება და ძლიერი შემადგენლობის შეკრებაა. გარდა ამისა, სპორტული დირექტორი არის შუამავალი რგოლი კლუბის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს შორის. ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება.

„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძე ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, მისი დანიშვნა ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, დანარჩენს გვიჩვენებს საფეხბურთო სეზონი, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ახალ ჩემპიონატს კიდევ უფრო ძლიერი და კარგად მომზადებული გუნდით შევხვდებით.

სატრანსფერო პოლიტიკასა და გუნდის ახალწვეულებს რაც შეეხება, ხუთი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ – ნიკა და ლუკა ხორხელები, ნოდარ ლომინაძე, ბრაზილიელი მარცხენა მცველი ლუიშ ფერნანდო ბული და განელი საყრდენი ნახევარმცველი ჯუდ არტური. კიდევ გვაქვს მოლაპარაკებები სამ ლეგიონერთან და, სავარაუდოდ, ჩემპიონატის მეორე-მესამე ტურში შემოგვიერთდებიან.

ამ ტრანსფერებით გუნდის დაკომპლექტებას დავასრულებთ, მაგრამ ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება, ჩემპიონატის მიმდინარეობისას კიდევ უფრო გამოჩნდება, რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება და ზაფხულის სტრანსფერო სეზონისას გუნდს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.