მიხეილ აშვეთია - „სამგურალი“ საკმაოდ ამბიციური გუნდი იქნება #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია - „სამგურალი“ საკმაოდ ამბიციური გუნდი იქნება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ აშვეთიამ მოსამზადებელ ეტაპსა და გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, ბოლომდე შევსებულია და თასის თამაშისთვის ეზადება. საინტერესო შევსება მივიღეთ. ყველა მათგანზე დიდ იმედებს ვამყარებთ, იმედი გვაქვს, რომ გაგვაძლიერებენ და დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან. უკვე ცხრა ლეგიონერი გვყავს, შეგვიძლია კიდევ ერთის დამატება, სატრანსფერო „ფანჯარა“ დახურულია, მაგრამ კლუბი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ახალი ფეხბურთელების მოძიებაზე, რომ მომავალი სეზონიდან კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

პირველი ეტაპის შემდეგ გუნდიდან სერგო კუხიანიძე, შალვა ბურჯანაძე, ჯეფერსონ ჯერალდო, მიხეილ ბაშელეიშვილი, ნიკიტა სიმდიანკინი წავიდნენ. სულ ახლახან კი გუნდი საუკეთესო ბომბარდირმა, გიორგი ნიქაბაძემ დატოვა და უზბეკურ „ნეფტჩში“ გადავიდა. იყო საკითხები, რაზეც კლუბსა და ფეხბურთელებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ამიტომ მათ კარიერის სხვაგან გაგრძელებაში ხელი არ შევუშალეთ.

ნიქაბაძესთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარება გვქონდა. უზბეკური კლუბისგან მივიღეთ შემოთავაზება. ფეხბურთელმაც გვთხოვა, რომ ტრანსფერში ხელი არ შეგვეშალა. ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ, თანაც უზბეკებმა თანხაც გადაიხადეს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რასაკვირველია, გიორგი ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი თავდამსხმელი და ჩვენი ახალგაზრდა ფორვარდები მას ღირსეულად ჩაანაცვლებენ.

მინდა, გულშემატკივარი დავარწმუნო, საკმაოდ ამბიციური გუნდი გვეყოლება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. დანარჩენი უკვე სეზონის ბოლოს გამოჩნდება. ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მიზანი, რომელიც გუნდს აქვს, წარმატებით განხორციელდება“, – ამბობს „სამგურალის“ სპორტული დირექტორი.