მიხეილ აშვეთია - მთელი ქვეყანა ლუქსემბურგთან მატჩის მოლოდინში ვართ და საქართველოს ნაკრების გვჯერა #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია - მთელი ქვეყანა ლუქსემბურგთან მატჩის მოლოდინში ვართ და საქართველოს ნაკრების გვჯერა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მიხეილ აშვეთიამ კლუბის ვებგვერდთან საქართველოსა და ლუქსემბურგის ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის შესახებ ისაუბრა.

„1981 წლის შემდეგ, როცა ,,დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო, ეს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ასეთი მნიშვნელობის მატჩი იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც.

გვაქვს შანსი, რომ ჩვენმა ნაკრებმა უკეთესი შედეგი დააფიქსიროს. მთელი საქართველო ამ მატჩის მოლოდინში ვართ. გვჯერა ჩვენი ბიჭების და ვგულშემატკივრობთ მათ.

ჯაბა კანკავას დაბრუნება ნაკრებისთვის დიდი სტიმული იქნება. მისი მოწვევა ფედერაციისა და მთავარი მწვრთნელის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

21 მარტს ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ეროვნულ გუნდს და საკუთარ მოედანზე დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ. ფინალში ხვიჩაც დაგვემატება. ის ახლაც ნაკრებთან არის, თამაშზე ბიჭების გვერდით იქნება, გაამხნევებს და გუნდისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.