მიხაელ შუმახერის მენეჯერს გერმანელი ავტომრბოლის ნახვას უკრძალავენ #1TVSPORT
მიხაელ შუმახერის მენეჯერს გერმანელი ავტომრბოლის ნახვას უკრძალავენ #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში („ბენზინი სისხლში“) მოყვა იმის შესახებ, რომ გერმანელი ავტომრბოლის ცოლს მასთან კონტაქტი არ ჰქონია 2013 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა შუმახერმა თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ვებერის თქმით, ბოლოჯერ მიხაელი იმ ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე კვირით ადრე ნახა.

„დღემდე არ არის არც სატელეფონო ზარები და არც წერილები. ახლა უკვე ვიცი, რომ კორინა შუმახერმა ამომშალა თავისი ცხოვრებიდან. არ ვიცი, რატომ გავხდი მთელი ეს წლები მისთვის ასეთი გამოუსადეგარი. რატომ არ მაძლევს მიხაელის ნახვის უფლებას? რითვის დავიმსახურე ასეთი სასჯელი?“ – გაკვირვებას ვერ მალავს გერმანელი მენეჯერი.

ამასთან, ვებერი წერს, რომ იცის რაში მდგომარეობს მისი შეცდომა. „მაშინ იმწამსვე არ ჩავჯექი თვითმფრინავში და არ გავფრინდი მასთან საავადმყოფოში. დავინახე ბრბო და გავიფიქრე, რომ რიგში არ უნდა ჩავმდგარიყავი. ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მაშინვე უნდა წავსულიყავი იქ“, – დაამატა ვებერმა.

2013 წელს, სამთო თხილამურებით სრიალისას, მიხაელ შუმახერი დაეცა და თავის ქალა დაიზიანა. დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია არ არსებობს.