მიკელ არტეტამ აღიარა, რომ „არსენალში“ მუშაობის“ პირველ დღეს ოფისი დაარბია #1TVSPORT

12:46, 11.10.2026

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ აღიარა, რომ მისი კარიერა ლონდონურ კლუბში, შესაძლოა, მუშაობის პირველივე დღეს დასრულებულიყო.

„ოფისი დავარბიე და ყველაფერი იატაკზე დავყარე: კომპიუტერები, ნოუთბუქები, კაბელები… ამის შემდეგ თანამშრომლებს დავუძახე.

მათ ვუთხარი: „მსმენია, რომ ზუსტად ასე აღიქვამენ ისინი ორგანიზაციაში მუშაობას. მე აქ ვარ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ სიამოვნება მიიღოთ თქვენი პროფესიითა და ცხოვრებით, აკეთოთ საყვარელი საქმე და გაიზიაროთ ჩვენი საერთო მისწრაფება. თუ გსურთ, რომ ამაში დაგეხმაროთ, ორი წუთი გაქვთ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და ერთობლივი მუშაობისთვის დასაწყებად“. ამის შემდეგ ოთახიდან გავედი.

ამით ჩემი სამწვრთნელო კარიერა შეიძლება დასრულებულიყო, რადგან ყველაფერი ძველებურად რომ დარჩენილიყო, სამუშაო აღარ მექნებოდა!

ორი წუთის შემდეგ დავბრუნდი, და კაბინეტში იდეალური წესრიგი იყო. ყველა დუმდა. გაფართოებული თვალებით მომშტერებოდნენ და ჩემგან რაღაცის თქმას ელოდნენ. მე ვუთხარი: „ეს მხოლოდ დასაწყისია. ასეთი მიდგომა ყოველდღე უნდა გამოვიყენოთ. რისი მიღწევაც არ უნდა გვინდოდეს, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მარტო ვერ გავუმკლავდები. ჩვენი პრობლემა ბევრად ღრმაა, თუმცა შესაძლებლობები უსაზღვროა“, – მოჰყავს არტეტას სიტყვები გამოცემა The Athletic-ს.

როგორც არტეტამ განმარტა, კლუბში მუშაობის პირველივე დღეს „არსენალის“ ოფისი იმის გამო დაარბია, რათა თანამშრომლებისთვის გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და ვითარების უკეთესობისკენ ერთობლივად შეცვლის მზაობა ეჩვენებინა. მას სურდა დაემსხვრია ჩვეული ატმოსფერო, სადაც თითოეული ინდივიდუალურად მოქმედებდა, და მიეწოდებინა აზრი, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი. ორწუთიანი დალაგება თანამშრომლების რეაქციის თავისებურ შემოწმებად იქცა. ესპანელმა სპეციალისტმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო, ხოლო ახალი მიდგომა ყოველდღიური მუშაობის ნაწილი უნდა გამხდარიყო.

არტეტა ლონდონურ გუნდს 2019 წლის დეკემბრიდან უდგას სათავეში და 2025-26 წლების სეზონში გუნდი პრემიერლიგის ტიტულამდე მიიყვანა.

რამდენიმე დღის წინ, მიკელ არტეტა პირველ ადგილზე გადავიდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო მწვრთნელების რეიტინგში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანელმა 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან. პრესის ინფორმაციით, არტეტა სეზონში 26 მილიონ ევროს მიიღებს. წინა კონტრაქტით მისი ხელფასი 17.3 მილიონ ევროს შეადგენდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების რეიტინგში მეორე ადგილზეა სიმონე ინძაგი (ალ-ჰილალი) – 25.7 მილიონი, მესამეზე დიეგო სიმეონე „ატლეტიკოდან“ 23.2 მილიონით.

მსგავსი