მიკელ არტეტა - საკმარისი მატჩები გვაქვს დარჩენილი, რათა ევროთასებზე გავიდეთ
მიკელ არტეტა - საკმარისი მატჩები გვაქვს დარჩენილი, რათა ევროთასებზე გავიდეთ

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერლიგის დარჩენილ მატჩებში მისი გუნდი საკმარის ქულებს დააგროვებს და ევროთასებზე გასვლას მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ 31-ე ტურის მატჩში ლონდონელებმა „საუთჰემპტონს“ აჯობეს (2:0), თუმცა მანამდე ორი მატჩი ზედიზედ წააგეს – „მანჩესტერ სიტისთან“ და „ბრაიტონთან“.

„გვრჩება თუ არა შანსები, რომ ევროთასებზე გავიდეთ? მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ მომავალს და ვთვლი, რომ საკმარისი მატჩები გვაქვს საიმისოდ, რომ საჭირო რაოდენობის ქულები დავაგროვოთ. ჩემი მუშაობის პერიოდში პირველად მოხდა, რომ ორი მატჩი ზედიზედ წავაგეთ, თუმცა ახლა ერთი თამაში მოვიგეთ და ამან რწმენა უნდა შეგვმატოს“, – მოჰყავს არტეტას სიტყვები ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას (BBC).

პრემიერლიგის 31-ე ტურის შემდეგ „არსენალი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა ევროპა ლიგაზე გამსვლელ მეხუთე ადგილს ექვსი ქულით ჩამორჩება.