მიკელ არტეტა - ობამეიანგმა უნდა იგრძნოს, რომ კლუბში საკვანძო ფიგურაა
მიკელ არტეტა - ობამეიანგმა უნდა იგრძნოს, რომ კლუბში საკვანძო ფიგურაა

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აპირებს კლუბი თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვას.

„ვფიქრობ, ჩვენი ვალდებულებაა, მას ვაგრძნობინოთ, რომ „არსენალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება მის კარიერაში სწორი ნაბიჯი იქნება. ამისთვის, მან უნდა იცოდეს, რომ გუნდში მას ვაფასებთ. მან უნდა დაიჯეროს, რომ კლუბი წინ ივლის და მას ამაში საკვანძო როლი ექნება. მე კმაყოფილი ვარ პიერ-ემერიკის ქცევით და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – ამბობს არტეტა „არსენალის“ ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

30 წლის ობამეიანგი საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა, თუმცა შემდეგ თავისი მშობლიური გაბონის ნაკრებს მიანიჭა უპირატესობა, სადაც 63 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. ლონდონის „არსენალში“ ის 2018 წლიდან თამაშობს.